სადეყ ჰედაიათის- ,,ბრმა ბუ”

სადეყ ჰედაიათის- ,,ბრმა ბუ”

ავტორი
Teodora Dvalishvili

Teodora Dvalishvili

შეფასება

4

(7)

585

გაზიარება:

28.09.2025

მოკლე აღწერა

ეს მოკრძალებული რეცენზია იმ მიზანს ემსახურება, რომ სადეყ ჰედაიათის უნიკალური შემოქმედება უფრო მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს. ის უდავოდ იმსახურებს ფართო აუდიტორიას! ქვემოთ გთავაზობთ ,,ბრმა ბუს” ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ ანალიზს.

,,ჩრდილი არის ყველაფერი ის, რაც არ გვსურს, რომ ვიყოთ, მაგრამ ვართ.“

კარლ გუსტავ იუნგი

სპარსულ ლიტერატურაში აკრძალული წიგნების თაროდან სადეყ ჰედაიათის „ბრმა ბუ“ XX საუკუნის პირველი მოდერნისტული ნაწარმოები, რომელმაც ირანული ცენზურა არაერთხელ დაიმსახურა, აღიარება კი, როგორც ხშირად ხდება, მხოლოდ მწერლის სიკვდილის შემდეგ მოჰყვა.

შეუძლებელია ვინმემ დაწეროს ამ ნაწარმოების რეცენზია ისე, რომ არ იცოდეს, ვინ იყო სადეყ ჰედაიათი რეგალიების იქით! შეიძლება გაგვახსენდეს ჰესე, კამიუს, დოსტოევსკის, ჰემინგუეი და სხვა, სადაც ნაწარმოების მთავარ ხერხემალს ავტობიოგრაფიული ფაქტები ქმნის, მაგრამ იმ ინტენსივობით, რომელიც „ბრმა ბუ”-ში გვხვდება, ჩემთვის “სასიამოვნოდ” შოკისმომგვრელი იყო.

არ ვიცი, ვინ იყო „ბრმა ბუ“-ს პროტაგონისტი, მაგრამ ვიცი, ვინ იყო ჰედაიათი…

სადეყ ჰედაიათი - მარტოხელა, თვითმკვლელი მწერალი; 48 წლის ასაკში პარიზში დასრულებული სიცოცხლე, გაკვირვებული ნათესავები და სიკვდილის შემდეგ მიღებული აღიარება…

„მე ისე ვუფრთხოდი საკუთარ თავზე საუბარს, როგორც ამერიკულ პროპაგანდას. არც რაიმე ჩინი მიმიღია, არც წონიანი დიპლომი მაქვს და არც სკოლაში ვყოფილვარ საუკეთესო მოსწავლე. პირიქით წარმატება მუდამ გვერდს მივლიდა.“

დამაფიქრებელი საკითხია, მართლა აუარა თუ არა წარმატებამ გვერდი ჰედაიათს?

შეიძლება დაიბადო არისტოკრატთა ოჯახში, გაგიმართლოს და ირანიდან- პირდაპირ პარიზში მოხვდე განათლების მისაღებად; რამდენიმე ათეული წელი გაატარო ინტელექტუალთა გარემოცვაში, შექმნა საკუთარი ჯგუფი („რაბ’ე“), მიაღწიო ძალიან დიდ წარმატებას, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება საერთოდაც არ აღმოჩნდეს საკმარისი, სულ მცირე, ბედნიერების მისაღებად.

ჩემი აზრით, ჰედაიათის უმეტესი ნაშრომები კათარზისის წარუმატებელი მცდელობაა.

შინაგანი კონფლიქტი, სამყაროსთან ვერ მორიგება და სიცოცხლის აბსურდულობა- ეს არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც „ბრმა ბუ“-ში მთხრობელს აღსარების მსგავსი ტექსტი დაწერას აიძულებს.

ის წერს, რადგან სამყაროში მისთვის არავინ მოიძებნება ისეთი, ვისაც თავის ეჭვებს გაუმხელს. ვინაიდან მთხრობელსა და სხვებს შორის საშინელი უფსკრულია, ამ მიზეზით ჩუმად ყოფნასა და საკუთარ ჩრდილში დგომას ამჯობინებს.

მიზანმიმართულად არ შევეხები ამ მოთხრობის შინაარსის ქრონოლოგიურ განხილვას ან ლოგიკურ ჯაჭვში მოქცევას, ვინაიდან ეს არ არის სტანდარტული დრამატული სტრუქტურის მქონე ტექსტი. „ბრმა ბუ“ გაცილებით დიდი მნიშვნელობის მქონე ნამუშევარია, ვიდრე უბრალოდ მხატრული ლიტერატურის მოყვარულთა გასართობი წიგნი.

შეუძლებელია წაიკითხო „ბრმა ბუ“ და არ გაგახსენდეს იუნგის კოლექტიური არაცნობიერი, რომელიც ნაწარმოებში ანიმას არქეტიპის სახით გვხვდება. ქალი, რომელიც სიწმინდისა და ხელშეუხებლობის სიმბოლოა- ყველასათვის დაფარული და მიუწვდომელი.

ანიმას არქეტიპი თავიდანვე კოლექტიურია. ის არ არის მხოლოდ ირანული სწავლებებისთვის დამახასიათებელი. მის ნიშნებს ვხვდებით ბუდისტურ და ქრისტიანულ მოძღვრებებშიც.

ეჭვი მაქვს, მთხრობელის ჰალუცინაციებში გამოჩენილი ქალი ანიმას ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო სახეა. ის სწორედ ის ქალური საწყისია, რომელიც იუნგის თეორიით თითოეულ მამაკაცში არსებობს. თუ ეს საწყისი ყველასთვის უნივერსალურია, მაშინ ჰედაიათის გმირიც ვერ იქნებოდა გამონაკლისი.

ანიმას არქეტიპი მთხრობელის ცხოვრებაში შინაგანი კონფლიქტის ობიექტად იქცევა. ის იყოფა იდიალ ქალსა და დამანგრეველ ქალს შორის… ეს არის ნაწარმოები, სადაც ძალიან კარგად არის ნაჩვენები, ბნელი, მიწიერი შინაგანი კონფლიქტის პარალელურად, როგორ მიილტვის ადამიანის ბუნება რაღაც ზეციურის პოვნისკენ.

მთხრობელს საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში ადამიანებისგან გაქცევა ვერ დაეხმარა, ვერც საკუთარი ჩრდილის დანახვა იყო ამომავალი წერტილი, ვერც ჩანაწერების გაკეთებამ მოუტანა შვება, და არც ხატვა გამოდგა კათარზისისთვის საკმარისი. მაშინ რა იყო პრობლემა? სად უნდა მოეძებნა გამოსავალი?!

ჩემი აზრით, ჰედაიათის მსგავსად, მთხრობელს ეს ცხოვრება არაფრად უღირდა. თითქოს ყველა ის ადამიანური ემოცია, რაც მას გააჩნდა, იმ დღეს ჩამოირეცხა, როცა ჰედაიათმა პარიზში ბინა იქირავა და თავის ნათესავებს წერილი მისწერა, რომ არავის შეეწუხებინა. მთხრობელმა კი მაშინ, როცა ხალხისგან დაცლილ ნამოსახლარში დასახლდა. ორივე გაურბის ურთიერთობებს, ადამიანებისგან იმედგაცრუებული ორივე აკეთებს ჩანაწერებს, ბოლოს განადგურების პერსპექტივით.

ვფიქრობ, რომ ჰედაიათს ძალიან ეშინოდა იმ სოციუმის ნაწილი არ გამხდარიყო, რომელსაც მთხრობელი „ბრმა ბუ”-ში “მდაბიო ხროვად”მოიხსენიებს. სწორედ ამიტომ გაანადგურა თვითმკვლელობამდე გაკეთებული ჩანაწერები და, უფრო მეტიც, მთლიანად მიწიერ სამყაროსთან ყველა კავშირის წასაშლელად საკუთარი დაკრძალვის ხარჯებზეც წინასწარ იზრუნა. ჩემთვის ეს არის ადამიანის გაუცხოვების ქრონიკული სახე. ახლა, სიმართლე გითხრათ, ჰედაიათის ფონზე კამიუს მერსო საერთოდ აღარ მეჩვენება უცხო…

მთხრობელს ყველა უბედურებასთან ერთად საკუთარი თავი, საკუთარი უძლურების გამოც, ეზიზღებოდა, რადგან ვერასდროს გახდა იმ სამყაროს ნაწილი, სადაც ადამიანები თავის წილ ბედნიერებას იღებდნენ. „ვგრძნობ, რომ ეს სამყარო ჩემი არ იყო. ურცხვ, უტიფარ, სულით ღატაკ, უბადრუკ, ხარბ და უძღებ, თვითკმაყოფილ ხეპრეებს ეკუთვნოდათ…“ იქნებ თვითონაც რომ შეძლებოდა ცოტათი ხარბი, უტიფარი და საკუთარ სურვილებზე კონცენტრირებული რომ ყოფილიყო, სამყაროში მასაც მოენახა თავისი წილი ადგილი.

ამბივალენტურობა და პერფექციონიზმი.

ოჰ, ეს პერფექციონიზმი. ხშირად ამ ტენდენციით რომ იწონებენ თავს…

ცნობილია, რომ მწერალი საკმაოდ კრიტიკული იყო საკუთარი შემოქმედების მიმართ, იმდენად, რომ ერთხელ დაწერილს ასჯერ გადახაზავდა, ჩაასწორებდა, გადააწერდა ან საერთოდაც ბოლოს დახევდა.

ჰედაიათისთვის დასავლეთში მიღებული განათლება ტანჯვის მიზეზად იქცა. დასავლურ ღირებულებებთან ნაზიარები მწერალი ვერ ეგუებოდა ირანულ წყობას. ირანში ცხოვრება უმძიმდა, მაგრამ სამუდამოდ წასვლაზე არასდროს უფიქრია. არც რამის შეცვლის სურვილით იყო მოტივირებული.

რა უცნაურია ცხოვრება! ვიღაცისთვის დასავლეთში მიღებული განათლება უკეთესი ცხოვრების პერსპექტივა რომ არის, ვიღაცისთვის კი - მარადიული ტანჯვის მიზეზი.

ცხოვრებაში ერთხელ რომ იპოვი ძალას, შეუერთდე საკუთარ სურვილებს, მიეცე მიწერ თავდავიწყებას, წელზე ხელი მოხვიო ნანატრ ქალს, ეს ყველაფერი ლოგინში დანის შეტანით არ უნდა გააფუჭო! ეს მონაკვეთი „ბრმა ბუ-ში” ჰალუცინაცია იყო თუ რეალობა არ არის გადამწყვეტი. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მთხრობელმა საკუთარ თავში ქალი, როგორც იდიალი და ქალი, როგორც მიწიერი სიამოვნების სიმბოლო, ორივე გაანადგურა.

ეროსი და თანატოსი

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ფროიდის თანატოსის ინსტიქტის ფენომენი ამ წიგნში, რადგან სიკვდილი იქცა ერთადერთ ნატვრად მთხრობელის ცხოვრებაში. თითქოს სიკვდილმა და სიცოცხლემ ადგილები გაცვალეს. ნატვრას ახდა შიში, მაგრამ ეს არ იყო სიკვდილზე ფიქრის შიში, არამედ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების შიში…

ვაი, თუ იქაც არსებობს სიცოცხლე?!..

ზეციური ქალი, ბოზი ცოლი და მოხუცი კაცი, ესენი არ არიან ცალკეული პერსონაჟები. ეს თავად მთხრობელია, სამად გახლეჩილი, სამ განსხვავებულ სახედ გადაქცეული. ზეციური ქალი მისი წარსული სიწმინდეა, ბოზი ცოლი - დამახინჯებული აწმყო, მოხუცი კაცი კი მომავლის მკვდარი აჩრდილი. მეტიც, ყველა ის ფსიქიკური გადახრა, რაც პარანოიის, დისოციაციის ან შიზოიდური სახით ვლინდებოდა, პერსონაჟში უკანასკნელი საომარი სირენენებს გაშვებას ჰგავდა…

იმდენად იუნგიანური ტექსტია „ბრმა ბუ“, ფროიდი საერთოდ რომ არ ვახსენო, არ ვიქნები მართალი.

ჰედაიათის აზრით: ,,ფროიდის დამსახურებაა, რომ მეოცე საუკუნის ადამიანს ტვალი აუხილა. მაგრამ, როცა ყველა პრობლემის ახსნას ფროიდით ცდილობენ, გამოდის ფროიდიზმი. იზმი, როგორც მარქსიზმი. მე ყველა იზმი მძულს.’’ მარქსიზმი გასაგებია, მაგრამ თუ რაიმე პრობლემას ფროიდის ფსიქოანალიტიკური თეორია კარგად ერგება, ახსნაც შესაძლებელია და საქმესაც მიმარტივებს. მარტო იმიტომ, რომ “ფროიდიზმად” არ გადავიქცე, ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა ისეთივე სიგიჟეა, როგორც ყველაფერზე ფროიდის მექანიკურად მორგება.

რამხელა უბედურებაა, მოკვდე როგორც ყველაზე მხიარული კაცის სახელით, იმქვეყნად კი წახვიდე, როგორც მარტოსული კაცის ანდერძით.

ირანელი მწერლის მთავარი უბედურება იყო ის, რომ არავინ ელოდა მისგან თვითმკვლელობით დასრულებულ სიცოცხლეს. არავინ იცნობდა ჰედაიათს, ვინ იყო სინამდვილეში- არც თვითონ იცნობდა საკუთარ თავს.

ეს არის წიგნი მარტოსული ადამიანის უდიდეს ტკივილზე -იმაზე, თუ როგორი მკაცრი შეიძლება აღმოჩნდეს სამყარო იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ რისკავს, არ ცდილობს იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რომ ადაპტირდეს, მოიწყოს თავისი მიკრო გარემო, სადაც პატარა ბედნიერებებით დიდ ბედნიერების ნაწილი გახდება. ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, ვინც წარსული აწმყოდ აქციეს- ვისთვისაც დრო მხოლოდ მომავლის გარეშე არსებობს!

და ბოლოს, თუ გინდა რომ შენც კობო აბეს ,,ადამიან ყუთად’’ არ გადაიქცე, თუ გინდა რომ ერთ დღესაც გრეგორი ზამზას მსგავსად მწერად არ გაგეღვიძოს დაფიქრდი რატო აფუჭებ ყველაფერს, რაც სინამდვილეში შეიძლება ძალიანაც გინდოდეს!..

ამ ქარაგმას მიმხვედრი მიხვდე!..

ნუ დააბრმავებ ბუს, ის ერთადერთია, ვინც ღამე ხედავს!..

დატოვე შეფასება

4

(7)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze